ჩვენ შესახებ

ევანგელური ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“ 1997 წელს ეკლესია “სიცოცხლის სიტყვა” თბილისი დააარსა პასტორ მამუკა ჯებისაშვილმა. დღეისათვის ეკლესიას სამასამდე წევრი ჰყავს, ახორციელებს ფართო სამუშაოს ადგილობრივი და რეგიონალური მასშტაბით და წარმოადგენს “სიცოცხლის სიტყვის” ერთ-ერთ საერთაშორისო ცენტრს. ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“ არსებობს სხვადასხვა ქვეყნებშიც.

ეკლესიის დაარსებამდე, 1991 წელს პასტორი მამუკა გაემგზავრა ლატვიაში, ქ. ელგავის თეოლოგიურ ინსტიტუტში სასწავლებლად, რომელიც პირველი არადენომინაციური და ინტერკონფესიური სასწავლებელი იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. 1995 წელს ლატვიიდან დაბრუნების შემდეგ იგი გაემგზავრა ქარელის რაიონის სოფელ კეხიჯვარში ეკლესიის დასაფუძნებლად, სადაც დღემდე არსებობს ეკლესია. იმ პერიოდში რეგიონში განსაკუთრებულად მძიმე სულიერი და ეკონომიკური კრიზისი იყო, სადაც მართლაც საჭიროებდა ხალხი რწმენის ამაღლებას. „ბიბლია ის წიგნია, რომელიც ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროს ეხება და რომელიც ადამიანს სხვადასხვა ცხოვრებისეული სირთულეების დასაძლევად საჭირო ძალას ანიჭებს. ბიბლია – ეს არის სიცოცხლის სიტყვა ყველასთვის“ – მ. ჯებისაშვილი.

1997 წლის ზაფხულში, პასტორი მამუკა ბრუნდება თბილისში და ამავე წლის შემოდგომაზე იწყება ინტენსიური ღვთისმსახურებები. დღეს, ცენტრალური ეკლესია თბილისში მდებარეობს. ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც მოქმედებს ეკლესიები: ბათუმი, ქობულეთი, ზუგდიდი, გორი, ქარელი, თელავი და სხვ. ეკლესიას ასევე აქვს ბიბლიური საღვთისმეტყველო სკოლა, რომელიც მოიცავს ბიბლიისა და თეოლოგიური საკითხები შესწავლას. ასევე ეკლესია “სიცოცხლის სიტყვა” აქტიურად არის ჩაბმული სხვადასხვა სოციალურ პროექტებში.

Facebook Comments